ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლების პასუხს ელოდება. ყოფილი სამხედროს ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას ითხოვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს 48 საათიან ვადას აძლევენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზას ისევ გადაკეტავს და არცერთ რუსულნომრიან მანქანას არ გაატარებენ.
ოჯახი ამბობს, რომ ოკუპირებული რეჟიმი ცხედრის გადმოცემას გამიზნულად აჭიანურებს.
,,იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია, რომ მოხდეს დროულად გადმოსვენება.
ნაწამებია ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი,“-ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.
მისივე თქმით, ამ დრომდე კავშირი ვერ ხერხდება ტატუნაშვილთან ერთად გატაცებულ ორ თანასოფლელთან. თუმცა გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მან იცის, როგორ დააკავეს მისი შვილი.
,,ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია.
ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის,“-ამბობს ტატუნაშვილი.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი კი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რათა მოხდეს ცხედრის უმოკლეს დროში გადმოცემა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ამ დრომდე დადასტურებულად ცნობილი არ არის ისევ ცხინვალშია თუ არა გარდაცვლილის ცხედარი.
,,განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. არცერთი ინფორმაცია დამაჯერებელი არ არის, იმიტომ რომ მათივე წყაროებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება,“-ამბობს თინიკაშვილი.