ევროპარლამენტში, ქართველი დეპუტატები, დახურულ კარს მიღმა, ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრობენ. ქართული დელეგაციის წევრებმა ბრიუსელში შეხვედრები უკვე დაიწყეს.
ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტარებს, რეზოლუციის ან განცხადების მომზადების თხოვნით მიმართავენ, სადაც საუბარი იქნება ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე. ასევე, რეზოლუციაში საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც.
„ველოდებით მათი მხრიდან, ძალიან მკვეთრ რეაქციას, იმიტომ რომ ეს არის ფაქტი, რომელზეც აუცილებელია იყოს ადეკვატური და სათანადო დროული რეაგირება. ჩვენ ევროპარლამენტს ვთხოვთ, რომ გააკეთოს შესაბამისი განცხადება, შეიძლება ეს იყოს რეზოლუცია, რომელიც გააძლიერებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლას რუსეთზე,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ხულორდავამ.
ოპოზიციას სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე.
„ევროპულმა საქართველომ, წინა კვირაში წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, ჩვენ ამ დღეებში დავარეგისტრირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში. ამ სიის შექმნა, ბუნებრივია ყველაფერზე პასუხები არ იქნება, მაგრამ ეს იქნება ელემენტარული პატივისცემის გამოვლენა როგორც გარდაცვლილის ოჯახების მიმართ, ასევე თავმოყვარეობის გამოვლენა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ დანაშაულებებში არიან ეჭვმიტანილი მოხვდნენ სანქცირებულ სიაში ევროპელების მხრიდან და მეორე, რომ მათზე არ გავრცელდეს ის შეღავათები, რომელსაც საქართველო ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანების მიმართ,“ - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
„საქართველო ყოველთვის უნდა სთხოვდეს დასავლელ პარტნიორებს, რომ ოკუპირებულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გამოყენებული იქნას რუსეთის მიმართ ზეწოლის მრავალი ფორმა და თუნდაც იგივე სანქციები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.