20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
რეზოლუცია რუსული ოკუპაციის წინააღდეგ - ევროპარლამენტი დოკუმენტს სავარაუდოდ ზაფხულამდე მიიღებს

კიდევ ერთი რეზოლუცია რუსული ოკუპაციის წინააღდეგ - ქართველი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტარები დოკუმენტს, ზაფხულამდე მიიღებენ.

რეზოლუციაში საუბარი იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ. ინიციატივას ბრიუსელში მხარს ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი უჭერს.

„ეს იყო ნამდვილად წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი ევროპარლამენტთან საქართველოს პარლამენტს. ვესაუბრეთ ფაქტობრივად ყველას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ჩვენი ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა და გვაქვს იმედი და ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს. ეს უბრალოდ არის გარკვეულ პროცედურებთან დაკავშირებული და ამას დასჭირდება დრო. ვფიქრობთ, რომ ივნისისთვის უნდა იყოს მიღებული ეს რეზოლუცია, ევროპარლამენტის მხრიდან.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

ახალი რეზოლუციის მიღების აუცილებლობა, დღის წესრიგში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დადგა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, საქართველომ აღნიშნულ საკითხზე მხარდაჭერა მიიღო.

რომან გოცირიძის თქმით, ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გარდა, განხილული იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.

გოცირიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ არაერთი გაფრთხილება მიიღო.

„სრული მხარდაჭერა აქვს ქვეყანას და ალბათ მიიღებენ რეზოლუციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მივიღეთ საგანგაშო გზავნილებიც, რომელიც ეხება ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს და ის სიგნალები, რაც წამოვიდა ევროპიდან უნდა იყოს გაგებული ძალიან გულისყურით,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები