აჭარის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას იწყებს.
ცვლილებების დამტკიცება მმართველ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მოუწევს.
„ნაციონალური მოძრაობა“ განხილვას ბოიკოტს უცხადებს და კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საჯარო მსჯელობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებების შეზღუდვისა და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების შესახებ.
„არ მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში იმიტომ, რომ ესეც ფორმალური ხასიათის იქნება. სამწუხაროდ არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი შენიშვნები გათვალისწინებული, რომელიც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, აჭარის უფლებამოსილებებს. აჭარის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა კიდევ შექმნას ახალი სამინისტროები, კიდევ დახარჯოს ბიუჯეტიდან თანხები, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.
ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის შენიშვნები ნაწილობრივ გაიზიარეს და ახალი კონსტიტუცია, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„დავიწყებთ აჭარის კონსტიტუციის პროექტის განხილვას პირველი მოსმენით. დოკუმენტი მზად არის, სადაც ნაწილობრივ ასახულია ოპოზიციის შენიშვნებიც და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი დოკუმენტი, ყველა წინა კონსტიტუციას ნამდვილად ჯობს და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი,“-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილი.