„დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციებზე გააკეთა.
კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება.
„ამჟამად არის ინიცირებული ორი რეზოლუცია. გვაქვს კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ეტაპზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია დარეგისტრირებული. „ევროპული საქართველო“ ე.წ. მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებს სანქციები დაეკისრებათ. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითვალისწინებს. ასევე საკუთარი წინადადებები წარადგინეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. პარტიის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია რეზოლუციაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა ჩაიწეროს, ვიდრე ტატუნაშვილის საქმის გამოძიება არ მოხდება.