20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გაგრძელდება

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გაგრძელდება. დღეს დოკუმენტი კენჭისყრაზე აღარ დადგება, რადგან რეზოლუციის საერთო ტექსტზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, რამდენიმე დღეში პარლამენტი, დიდი ალბათობით, ერთობლივ დოკუმენტს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ.  მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ჩაიწერება თუ არა ამ დოკუმენტშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ სანქციები.

„ჩავთვალეთ საჭიროდ და ოპონენტებმაც იგივე აზრი გამოხატეს, რომ სჯობს გავაგრძელოთ კონსულტაციები და ერთი დოკუმენტით წარვდგეთ პარლამენტის წინაშე,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია,  ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შედგეს, რადგან დოკუმენტი უფრო ქმედითი იყოს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ამ რეზოლუციაში კონკრეტული სიის შემუშავება მოხდეს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც მსგავს დანაშაულებზე არიან პასუხისმგებელნი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაზე მიმდინარე კონსულტაციებში „ნაციონალური მოძრაობაც“ მიიღებს მონაწილეობას.

„როგორც წესი, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საკუთარ აზრზე დაყრდნობით და მისთვის კონსესუსი უცხო ცნებაა. ასე, რომ დიდი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით ყველა ტიპის კონსულტაციაში, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც დაფიქსირდეს ერთიანი პოზიცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სანქციები იყოს რეზოლუციაში,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

„პატრიოტთა ალიანსში“ კი აცხადებენ, რომ წარმოდგენილ ტექსტს მხარს არ დაუჭერენ.

„ვგმოთ რუსეთის ქმედებებს 25 წელია და 8-ჯერ არის დაფიქსირებული ნაციონალების რეზოლუციაში, რომ რადგან ჩვენ ამას არ ვაკეთებ, ვინაიდან იმას ვერ ვაკეთებთ, როდემდე ვიცხოვროთ ასე. ჩვენ ძალიანაც კარგად შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ. რუსეთთან დიალოგის გარეშე არ გამოვა ბევრი რამ“- განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები