20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
პოლიტიკოსები და მესამე სექტორი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების გაუქმებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის უკან პარლამენტში დაბრუნებას მოითხოვენ არასაპარლამენტო, საპარლამენტო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

პოლიტიკოსებმა არასამთავრობო სექტორთან ერთად მედიაგარემო და ხელისუფლების ინტერესები განიხილეს და ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ცალსახაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი საქართველოს პარლამენტის მიმართ თავს ანგარიშვალდებულად არ გრძნობს. დეკანოიძის თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბორდის წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებდათ. დეკანოიძე ამბობს, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს.

„დღეს საჯარო გახდება განცხადების ტექსტი და ასევე ვიმსჯელებთ, თუ რა ბერკეტები შეიძლება გამოვიყენოთ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ საზოგადოებრივი  მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას“-განაცხადა დეკანოიძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ იმ ფინანსურ დარღვევებს უსვამს ხაზს, რომელიც აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონის ამოქმედება საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

„პარლამენტი ერთი მხრივ აუდიტის სამსახურის დასკვნას იღებს, სადაც ძალზე მძიმე დარღვევებზეა საუბარი ფინანსურ ნაწილში და ამ დროს პრეზიდენტის ვეტოს ძლევს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამავე საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს შესაძლებლობას ,რომ შესყიდვების კანონის გვერდის ავლით კორუფციულად საშიში გარიგებები დადოს უკვე კანონიერად“-აცხადებს კორძაია.

"თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა სხვა ტელევიზიებს ფუნქციონირებაში უშლის ხელს. კეკენაძე ფინანსური დარღვევების გამოძიებასა და ევროპული ბიუროს აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ვითხოვთ, რომ პირველ რიგში მოხდეს ამ კანონის უკან დაბრუნდება ანუ ცვლილებები გაუქმდეს და ასევე დაიწყოს გამოძიება ყველა იმ ფინანსურ დარღვევებზე, რაზეც საუბარი იყო სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. ასევე აღდგეს ევროპული ბიურო, რომელიც ემსახურება საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის გამყარებას“-განაცხადა კეკენაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ღია ზეწოლად აფასებს.

დღის ამბები