„თუ მართლა აინტერესებს ნაცარს ვინ ქექავს და არაფრის კეთებით ვინ არის დაკავებული, ერეკლეს ქუჩაზე არის „ქართული ოცნების“ ოფისი, მივიდეს და არაფრის მაქნისებს, ნაცარქექიებს და მექრთამეებს ნახავს ვედროს მანეთად,“ - ეს განცხადება, პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერის მიერ მის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილი „უქნარად და ნაცარქექციად“ მას შემდეგ მოიხსენია, რაც ელისაშვილმა პროექტი „ღამის ეკონომიკა“ გააკრიტიკა.
ელისაშვილის თქმით, კახა კალაძეს მერად არჩევის შემდეგ 4 თვის განმავლობაში ქალაქისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია.
„როდესაც გაწუხებს არაფრის კეთება, როდესაც ხვდები, რომ არაფერი გაგიკეთებია და 4 თვე წყალში გადაყარე, როდესაც გაგაკრიტიკებენ, ასეთ არაკორექტულ და უზრდელ გამონათქვამებზე გადადიხარ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რომ თბილისში ეკონომიკის განვითარებაზე მერიაში არსებულმა ეკონომიკური განვითარების სამსახურმა უნდა იზრუნოს.
„თბილისის მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ეკონომიკის დღის განვითარებასაც გულისხმობს და ღამისას. შესაბამისად, ეს არის იმის დასტური, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ და წარმოდგენა არ აქვთ, სად მოხვდნენ და ამ ქალაქს რა პრობლემები აქვს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.