„მე ისეთი გინება მომისმენია ქალებისგან, როცა პირადი საუბარია. ეს პირადი საუბარია, მას ეგონა, რომ ეთერიდან გასული იყო, ეთერში არ ყოფილა“,- ასე შეაფასა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის მიერ TV პირველის პირდაპირ ეთერში შეგინება.
ბაღათურიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ღია წერილთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატოსკენ სწრაფვა სახელდება.
„ნატოს სამხედრო ალიანსისკენ სწრაფვამ რუსეთთან ურთიერთობები გაართულა. ტერიტორიები დაგვაკარგინა რუსეთმა, რუსეთის ხელშეწყობით, თუმცა ნატომ თითი არ გაანძრია“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი შეფასებით, პროდასავლურმა კურსმა რუსეთთან კონფლიქტები განაპირობა. ჯონდი ბაღათურიას თქმით, საქართველომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოოს.
„რუსეთი ჩვენ მტრად გამოვაცხადეთ, რატომ უნდა მიგვეღო რაიმე რუსეთისგან. 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთთან ომი გვაქვს გაჩაღებული“,- აღნიშნა ბაღათურიამ.