20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
თუ რამე არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, არის ამ თემაზე კინკლაობა - უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ რეზოლუციაზე 

რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ რეზოლუციას შემდეგ სასესიო კვირას განიხილავენ. მანამდე კი მმართველი გუნდი კონსულტაციების გამართვას ოპოზიციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გეგმავს.

თუმცა, როდის შეხვდებიან საგარეო საქმეთა წარმომადგენლებს, ამასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები არ საუბრობენ.

საპარლამენტო უმცირესობა - უმრავლესობას შორის საერთო რეზოლუციაზე შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა. უთანხმოების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, სანქციებია.

„თუ რამე არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, არის ამ თემაზე კინკლაობა. ასე, რომ ვინც ამ საკითხებზე კინკლაობს, პრობლემას ქმნის ის,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ რეზოლუციებში არსებულ ტექნიკურ განსხვავებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ორივე რეზოლუციაში სულისკვეთება არის ერთი და იგივე, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმართული და ოკუპაციის დაგმობისკენ, ასევე, არის გამოკვეთილი ის კონკრეტული მსხვერპლები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა და კონკრეტულად თუ რა ფორმას მიიღებს და ის გარკვეული ტექნიკური განსხვავებები, რომლებიც არის დოკუმენტებს შორის, როგორ აისახება, ამაზე, როგორც იცით კონსულტაციები მიმდინარეობს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება, სადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნაზეა საუბარი.

„ასე, წამოსროლილად ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ეს რაღაც მოვიფიქრეთ, მგონი არ არის სწორი, ამას სჭირდება აწონ-დაწონა, ამ დანაღმულ ველზე ვართ ჩვენ და უნდა გავიხსენოთ იგივე მაგნიტსკის სია, რომელმა ქვეყანამ მოიფიქრა ეს სია, სად დაიბადა, იმ ქვეყანას აქვს გავლენები მსოფლიოში, და აქედან გამომდინარე, მერე ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ შევძლებთ მსგავსი სქემის განხორციელებას,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები