„თუკი არ იქნება რეზოლუციაში გათვალისწინებული სანქციების პაკეტი, არ ექნება ამ რეზოლუციას შემაკავებელი ძალა, ეს იქნება მხოლოდ ქაღალდი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
პარლამენტში მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ოპოზიცია ე.წ. მაგნიცკის სიის მსგავსი დოკუმენტის მიღებას ითხოვს, რომელიც მათი თქმით, რუსეთს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურ ფასს დაუსვამს.
მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში კი მსგავსი სანქციები არ არის გათვალისწინებული.
გიორგი კანდელაკის თქმით, ევროპარლამენტარები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ემხრობიან. კანდელაკი განმარტავს, რომ თუ მსგავს სიას საქართველოში არ დაამტკიცებენ, მაშინ ევროკომისია შესაბამის დირექტივებს ვერ გამოსცემს.
„ევროპარლამენტის წამყვანმა წევრებმა, ვინც მაგნიცკის სიის შემუშავებაში შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი, უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს იდეას და ნათელია, რომ თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ ინდივიდუალური სანქციების პაკეტს, მაშინ ევროპარლამენტი რანაირად მიიღებს და რანაირად დაავალებს ევროკომისიას, რომ შესაბამისი დირექტივით გამოსცეს ეს სანქციები და კანონის ძალა მიიღოს ამ ყველაფერმა,“ - აცხადებს კანდელაკი.