20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მაქვს ცრუ ჩვენება მიცემული ახალაიას, საყვარელიძის, ფაცაციას და მეგის ქარდავას წინააღმდეგ - ცრუ მოწმემ აღიარებითი ჩვენებით პროკურატურას მიმართა

მოწმემ, რომელიც აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების დავალებით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს აძლევდა, დღეს პროკურატურას მიმართა. ცრუ მოწმე აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

„შაბათის კურიერში“ გასული სკანდალური სატელევიზიო აღიარების შემდეგ, გახმაურებული საქმეების ცრუ მოწმე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილებას გეგმავს. გოდერძი ჯოლოხავა აპირებს დაასახელოს ყველა ის პირი, ვინც მას ცრუ ჩვენებების მიცემას ავალებდა.

ჯოლოხავა ერთ-ერთ პოლიციელს ადანაშაულებს, რომელიც მისი თქმით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა და ჩვენებების მიცემას აიძულებდა.

„მე მაქვს ცრუ ჩვენება მიცემული ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, დავით საყვარელიძის, ოლეგ ფაცაციაზე და მეგის ქარდავაზე. ამასთან დაკავშირებით რომ დაიწყონ გამოძიება. ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებითაც და ამ პოლიციელთან დაკავშირებითაც. კონკრეტულად ფულის გამოძალვაზე. მე იმიტომ გადავწყვიტე (პროკურატურისთვის მიმართვა), რომ თუ გავაჟღერებდი რაიმე ინფორმაციას მომიშორებდნენ და გავქრებოდი საერთოდ უგზო უკვალოდ ეს კონკრეტული პოლიციელი.  

თანამონაწილე ვინ არის არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვიღაც არის, იმიტომ რომ სულ  მეუბნებოდა ზემოდან ასე არის ზემოდან ასე არის და დღემდე არ ვიცი  ეს ზემოდან ვინ არის და ვინ აძლევდა ამ დავალებას“-აცხადებს გოდერძი ჯოლოხავა.

გოდერძი ჯოლოხავაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, ჯოლოხავას უფლებადამცველი. ადვოკატი ამბობს, რომ ზეწოლის დამადასტურებელი დოკუმენტალური მტკიცებულებები არსებობს. 

„იგი არ იყო შემსწრე იმ მოვლენებისა, რომელსაც აღწერდა ჩვენებებში“-ამბობს ლევან დავითაია.

მისივე თქმით, პროკურატურამ აუცილებლად იმ მიმართულებით უნდა გამოიძიოს საქმე, რომელზეც ცრუ მოწმე მიუთითებს.

„შეუძლებელია, რომ რაიმე გარემოება არსებობდეს რომ გამოძიება არ დაიწყოს ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიუთითებს გამცხადებელი,“-ამბობს ადვოკატი.

დღის ამბები