რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებია.
ოპოზიციის მოთხოვნაა, რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სანქციები, რომელსაც საქართველო რუსეთს დაუწესებს და ასევე შეიქმნას ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, თუმცა მმართველ გუნდში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ჩაიდება თუ არა რეზოლუციაში სანქციების ნაწილი.
„ხელისუფლებას მხარეს ნამდვილად არის თანხმობა. უბრალოდ, ტექსტი უნდა იყოს, ისეთი რომ არ იყოს ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
სანქციების ნაწილთან დაკავშირებით არის ბევრი სპეკულაცია. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები და ჯერდება სამართლებრივი დეტალები.
„შესაძლებელია, რამდენიმე დღე დაგვჭირდეს, რომ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. რეზოლუცია იქნება საკმაოდ მკაცრი. რამდენიმე ტექნიკური და სამართლებრივი საკითხი საჭიროებს პასუხის გაცემას, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ჩვენ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ,“-აცხადებს მდინარაძე.