რა რეგულაციები დაუწესდებათ თბილისში მოქმედ ტაქსებს - პარლამენტში ამ წუთებში შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ინიციატივის მიხედვით, თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრების გადასაყვანად სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ ლიცენზიის მისაღებად.
„ცალსახად გვეუბნება ეს კანონპროექტი, რომ ლიცენზირება იქნება ფასიანი. დასაწყისში ეს თუ ეღირება X თანხა, რაღაც დროსი შემდეგ კანონპროექტშივე წერია, რომ 2X ეღირება, ანუ კიდევ უფრო გაძვირდება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე, რომ თურმე, საცობების პრობლემა მოგვარდება იმით, რომ ტაქსები 50 ლარს ან 100 ლარს გადაიხდიან ლიცენზირებაში, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავეთანხმებით. მართლაც, ცინიკური კანონპროექტია, თავისი შინაარსითაც, რომელიც ემსახურება ტაქსისტების ჯიბეში ხელების ფათურს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე განმარტავს, რომ ჰიბრიდი ავტომობილის შემთხვევაში ერთჯერადად მოუწევს მძღოლს საფასურის გადახდა, ელექტრო მობილების მძღოლები ნებართვას უფასოდ მიიღებენ, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილის შემთხვევაში მინიმალური საფასურის გადახდა მოუწევთ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგულაცია ტურისტების უსაფრთხოდ მგზავრობასაც უზრუნველყოფს.
„ეს დაკაშირებულია მოსახლეობის უსაფრთხოებასთან, ისევე, ტურისტების უსაფრთხოებასთან, რომლებიც გადაადგილდებიან ტაქსით... პირველ ეტაპზე, ეს არ აწესებს არანაირ მოთხოვნებს, გარდა რეგისტრაციის,“ - განაცხადა კუჭავამ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.