საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ქვეყნის ხელისუფლებას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კონსულტაციებისთვის. ოპოზიციის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისათვის გაგზავნილი წერილი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
ოპოზიციის წევრები გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებენ. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ შეიქმნას ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სპეციალური ფორმატი, რომლის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებული იქნება ოპოზიციას ანგარიში ჩააბაროს როგორც მოლაპარაკებების დაწყებამდე, ასევე მის შემდეგაც.
„პრემიერის განცხადებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვან ასუსტებს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით. ეს განცხადება არის „ქართული ოცნების“ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება,“- აღნიშნულია 12 პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებაში.
ოპოზიციის შეფასებით, პრემიერმა კვირიკაშვილმა პარლამენტში შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაუყოვნებლივ მოსვლას ვითხოვთ იმისთვის, რომ მან გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა, იმ უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ განცხადებას, რაც პრემიერი კვირიკაშვილის მხრიდან გაისმა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც ჩაიწერება.
„ჩვენ ვითხოვთ და დიდი მადლობელი ვარ ოპოზიციური პარტიების, რომ ისინი შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მიღებული იყოს პარლამენტის მიერ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ ამბობენ, რომ ეს არის არა მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, არამედ მთელი ხელისუფლების პოზიცია და მიდგომაა.
„ლეიბორისტულ პარტიაში“ ამბობენ, რომ კვირიკაშვილის განცხადების უკან რუსეთის პოლიტიკა დგას.