საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მან სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში მიმართა. თამარ ჩუგოშვილმა იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება.
თამარ ჩუგოშვილმა, ასევე, იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.
„ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ბრძოლის თვალსაზრისით 2017 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი იყო. ერთი წლის წინ საქართველოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და შეიტანა ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის 20-ზე მეტ მუხლში, რომ უზრუნველყოს რეალური მექანიზმები ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად. მჯერა, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობა არ არის ცალკე მდგომი პრობლემა და ის უდაოდ დაკავშირებულია ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასთან, შრომით უფლებებთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე წვდომასთან,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებასა და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების უფლებებზე ისაუბრა.