20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
პრემიერის მიმართვა რუსეთს - ოპოზიცია კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო კონსულტაციები პარლამენტში პრემიერის განცხადების გამო დაინიშნა. 12 ოპოზიციური პარტია გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის მიმართ გზავნილებს ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს და ხელისუფლებისგან ახსნა განმარტებას მოითხოვს.  

ორგვერდიან მიმართვას, ხელს 12 პარტია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აწერს. ყველა პარტიაში აცხადებენ, რომ პროდასავლური ძალები, პრემიერ კვირიკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და მთლიანად „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ჟენევის მოლაპარაკების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ხელისუფლებამ ინფორმაცია დახურული კონსულტაციების ფორმატში პარტიებს გააცნოს.

ერთობლივი განცხადებით, ოპოზიცია, პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს, სადაც ოთხზორია-ტატუნაშვილის სია და სანქციების პუნქტიც ჩაიწერება.

ოპოზიციის შეფასებებს კატეგორიულად ემიჯნება და პრემიერს სრულად ეთანხმება მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ პრემიერის პარლამენტში დაბარებას და ოპოზიციის მოთხოვნებზე რეაგირებას არ აპირებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ პრემიერი საპარლამენტო დებატების ფორმატზე უარს იტყვის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას საზოგადოების კითხვებზე პასუხები არ აქვს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რუსული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გეგმავენ.

დღის ამბები