„ეს არის შესაძლებლობა რუსეთისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე ჩაიდინოს დანაშაულები აქ და ეს იყოს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ოსეთის,“ - ეს განცხადება, ევროპული საქართველოს წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ პრემიერის წერილზე რუსეთის პასუხის შეფასებისას გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
„დიალოგი, როგორც საზოგადოებას საზოგადოებასთან, ადამიანებს ადამიანებთან, კავშირები ადამიანებს შორის და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კვირიკაშვილის ეს უპასუხისმგებლო გზავნილები, რომელიც რუსეთს უქმნის კომფორტს, რომ მოიხსნას პასუხისმგებლობა და ოკუპანტის სტატუსი, ფაქტობრივად, მოიხსნას ამ რეგიონებში. ასევე, არის სახიფათო ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ცხოვრობენ ამ რეგიონებში, იმიტომ, რომ ისინი არიან პირველი მსხვერპლი რუსული ოკუპაციის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილმა რუსეთს ყველანაირი ბერკეტი გადააბარა. სამადაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშია რუსეთი კონფლიქტის მხარედ წარმოდგენილი.
პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან მიღებული საპასუხო წერილის შემდეგ მოლაპარაკებისთვის სივრცე დაინახა, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია.
პრემიერის მხრიდან გამოხატულ მზაობას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩაერთოს, გიგა ბოკერია აფასებს.
„თუ საქართველოს მხრიდან დონის აწევა ხდება, თავი დავანებოთ, სწორია - არასწორი, ეს არ შეიძლება, ცალმხრივი იყოს, ამაში უნდა იგულისხმებოდეს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩადის ჟენევაში? არა, გამორიცხულია კი არა, არც განიხილება. თუ კვირიკაშვილი გულისხმობს, რომ თვითონ ჩავა და მარიონეტული რეჟიმების დონე აიწევა და რუსეთიდან კარასინი იქნება, ეს მაშინ ზუსტად ის არის, რაც რუსეთს სურს. აჩვენოს, რომ აქ არ არის მხარე და მხარეებმა აწიეს დონე და ერთმანეთს ესაუბრებიან,“ - განაცხადა ბოკერიამ.