„ეს არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, ეს არის შეცდომა, რომელსაც დასჭირდება სერიოზული მცდელობა ბევრი თანამდებობის პირის,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრემიერის მიერ რუსეთისადმი გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას გააკეთა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა განუმარტონ წერილის შინაარსი.
დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერის წერილში არ ჩანდა „კარგად გათვლილი კურსი“.
„პრემიერის განცხადება რით იყო განპირობებული, ეს იყო ემოციური დამოკიდებულება ტატუნაშვილის პრობლემასთან, მაშინ რა შუაშია აქ ის გლობალური საკითხები, რომელიც დიახ, არაკომპეტენტურად იყო ჩამოთვლილი ამ მიმართვაში და მე არ ვიცი, რას ემსახურებოდა. თუ ეს იყო გლობალური პრობლემების მოგვარების მცდელობა, მაშინ ტატუნაშვილის კონკრეტული საკითხი რა შუაში იყო აქ. იმიტომ, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან გადაბმამ ძალიან ბევრი რამ არია,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, უჭირს ვარაუდებზე საუბარი, რამ განაპირობა პრემიერის მიმართვა რუსეთთან.
„ფაქტი ისაა, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, პირველი პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც შეგვიყვანა ძალიან არასახარბიელო, ძალიან რბილად, რომ ვთქვა, ვითარებაში და ურთიერთობაში რუსეთთან,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.