საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცებისთვის მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სწორედ მხარდამჭერი აქტის მიღებაა.
კონფერენცია, რომელიც სპეციალურად „აშშ-საქართველოს პარტნიორობის“ საკითხებს ეხებოდა ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. პრეზიდენტის ეს ინიციატივა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკაში მანამდე გამართულ ყველა შეხვედრაზეც დააყენა - წინასწარი ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტს ინიციატივის განხილვის პირობა მისცა.
„ვაშინგტონში ჩემი ყოფნის დღეებში მე მქონდა საშუალება ჩვენს დიდ მეგობრებთან და მოკავშირეებთან დამესახა სტრატეგია, საქართველოს პარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის შესახებ. ჩვენ წამოვაყენეთ იდეა, თუ რა იქნება ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები და რა არის საჭირო ურთიერთობების იმ დონეზე ასაყვანად, რაც უპასუხებს ჩვენს საჭიროებას და საფრთხეებს.
ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, რომელმაც უნდა მოუყაროს თავი თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმას, ასევე შეიმუშაოს ახალი სტრატეგია და მისცეს მათ საშუალება გაერთიანდნენ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის ფორმატში. მჯერა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მიზანი იქნება საერთო სარგებლის მომტანი ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.