ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
12 ოპოზიციური პარტია გიორგი კვირიკაშვილისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. პოლიტიკოსების გაღიზიანების მიზეზი პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილი და მთლიანად ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაა.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც საქართველოს აუცილებლად სჭირდება გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოსთვის არ არსებობს. ასე რომ პრემიერი უნდა მოვიდეს პარლამენტში,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
ერთობლივ მიმართვაში პოლიტიკური პარტიები მთავრობის მეთაურთან შეხვედრის გარდა ჟენევის ფორმატთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც აჟღერებენ.
„პრემიერის ბოლო განცხადება, საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. შესაბამისად ის დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ოპოზიციურ პარტიებში,“-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური ესაუბრება ხალხს და არ დგას საჭიროება იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბრის, რომელმაც ქვეყანაში მძიმე რეალობა შექმნა.