20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
რუსული აგრესია - საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონს საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღებას სთავაზობს 

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენს მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონს მოუწოდებს მიიღოს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ინიციატივით პრეზიდენტი კონგრესში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სწორედ მხარდამჭერი აქტის მიღებაა. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციასა და არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.

"მინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენ მტკიცედ გავუსვით ხაზი საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელმაც უნდა მოუყაროს თავი თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმას, ასევე შეიმუშაოს ახალი ფორმებიც და მისცეს მათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობაში. მჯერა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მიზანი იქნება საერთო სარგებლის მომტანი ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის’’- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე დღეს დაწვრილებით საუბრობდნენ სენატორი ემი ქლობუჩარი და კონგრესში მოწვეულ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატები.

„თქვენ ყველამ იცით, როგორ დაეხმარნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები სეპარატისტ მეამბოხეებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ეს ისევ გრძელდება. როდესაც ჩვენ ვიყავით სამხრეთ ოსეთში, სენატორებთან მაკკეინთან და გრემთან ერთად, მოვინახულეთ ფერმერი, რომელსაც შუა ნაკვეთში მავთულხლართი ჰქონდა გავლებული, რაც არის იმის შეხსენება, რომ ეს ამ დრომდე გრძელდება,“- განაცხადა სენატორმა ემი ქლობუჩარიმ.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის  ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა.

„პრეზიდენტმა ახსენა საქართველოს მოქალაქის სიკვდილი, რომელიც გაიტაცეს და გაურკვეველ გარემოებებში დაიღუპა სამხრეთ ოსეთში. ჩვენ, ბრიტანეთში, აღშფოთებული ვართ, გასულ კვირას, მშვიდობიან ქალაქში რუსეთის აგენტზე და მის შვილზე შემზარავი თავდასხმის გამო. ნათელი უნდა იყოს, რომ რაც საქართველოში ხდება, იმის მსგავსია რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. საქართველო ფიზიკურად განიცდის ამ თავდასხმებს: მავთულხლართები, სიკვდილი, გატაცება, ომი, მთელი 25 წლის განმავლობაში და მაინც ინარჩუნებს ის პროდასავლურ კურსს. ეს არის გაკვეთილია, რომელიც საქართველომ უნდა გვასწავლოს“- აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

ამერიკელი სპეციალისტები რეკომენდაციას აძლევენ ადმინისტრაციას და კონგრესს, შეიმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესაჩერებლად და ამ სტრატეგიაში საქართველოს დაცვაც არის გათვალისწინებული.

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საათში სიტყვით ჰერითიჯის ფონდში გამოვა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ უფრო დაწვრილებით ისაუბრებს. 

დღის ამბები