გუდაურში საბაგირო მწყობრიდან დღის პირველ ნახევარში გამოვიდა. საბაგირო მოულოდნელად გაჩერდა და უკუსვლა დაიწყო, რის შემდეგაც მოთხილამურეებით სავსე კალათებით ერთმანეთს ეხეთქებოდა.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბაგირის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, ტონობით ტვირთს ვერ გაუძლო და კალათები, სადაც ოთხი ადამიანი ეტევა დიდი სიჩქარით სადგურის საწყისი წერტილისკენ დაეშვა. მოთხილამურეებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაეჯახა რკინის საყრდენ კონსტრუქციას ტურისტებით სავსე კალათა. რამდენიმე წამში სადგურ საძელეს ბაქანი რკინის კონსტრუქციებით ჩაიხერგა.
საძელეს საბაგიროს ავარიის შედეგად სამედიცინო დახმარება 11 ადამიანს დასჭირდა. ისინი გუდაურის გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. დახმარებისთვის გუდაურში დღეს ავიაცია გამოიძახეს.
დაშავებულთა ერთი ნაწილი თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს, უამინდობის გამო მეორე ავიარეისი ვერ შესრულდა, ამიტომ 4 ადამიანის ტრანსპორტირება რეანიმობილით მოხდა.
დაშავებულთა შორის ერთი შვედეთი, ორი უკრაინის და ოთხი რუსეთის მოქალაქეა. დაშავებულთა შორის ფეხმძიმეცაა. განსაკუთრებით მძიმეა უკრაინის ერთ მოქალაქის მდგომარეობა, ის ვერტმფრენით დღეს ღუდუშაურის გადაუდებელი მედიცინის ცენტრში პირდაპირ გუდაურიდან გადაიყვანეს, დაშავებულს ხერხემალზე ოპერაცია უტარდება.
საძელეს საბაგირო გუდაურში ყველაზე მაღალ წერტილზეა დამონტაჟებული. ეს სათხილამურო ტრასა ზღვის დონიდან 3 ათას 276 მტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მხოლოდ პროფესიონალი მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი.
ტრასის ტექნიკური შემოწმება 22 დეკემბერს ჩატარდა. ხვალ საქართველოს მწარმოებელი კომპანიის ექსპერტებს ელოდებიან, რომლებმაც ავარიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნა უნდა დადონ.