20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
„ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია" - სანდრო ბრეგაძე "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან ამ დრომდე რჩება იმ პირთა ნაწილი, რომლებიც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს.

შენობის ეზოსთან რჩება საპატრულო პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული. პოლიცია ამ დრომდეა მობილიზებული, რადგან „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანიის ეზოში შემოჭრა სცადეს.  დაპირისპირებისას პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა, ამ ინფორმაციას უკვე ადასტურებს შს სამინისტრო. ცოტა ხნის წინ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

რაც შეეხება მოძრაობის ლიდერებს, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და პროვოკაციას თავად გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია ცდილობდა.

„ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია, გაბუნია პროვოკაციულად გამოვიდა ახალგაზრდებთან და მას უნდოდა ხელი მოხვედროდა, მაგრამ საბედნიეროდ მას ხელი არ მოხვდა, ეს არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და იესო ქრისტეს შეურაცხყოფა არის,"-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და რაც შეეხება, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სანდრო ბრეგაძის თქმით, ის ამ ფაქტს არ შესწრებია.

„ძალადობრივი ფაქტი ჩვენი მხრიდან არავის მიმართ არ ყოფილა, თითით არ შევხებივართ აბსოლუტურად არავის...ერთ-ერთ ჟურნალისტს ცხვირი მოტეხილი აქვს თუ არა ამას დაადგენს შესაბამისი უწყებები. მე არ შევსწრებივარ ამ ფაქტს,“-ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ ისინი გიორგი გაბუნიასგან მხოლოდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

„ჩვენ გადავუკეტეთ გზა მიმავალ მანქანას, კი ბატონო ამაში შეიძლება რამე დავარღვიეთ, მაგრამ გავლადი ქუჩა არაა და არაფერი. ვითხოვთ გაბუნიასგან ბოდიშს. ბოდიშის მოხდას იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მან მიაყენა გუშინ საზოგადოებას,“-ამბობს ერთ-ერთი თავდამსხმელი მარშის წევრი ლადო სადღობელაშვილი.

თავდასხმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. ტელეკომპანიის ოფისთან ე.წ მარშის წევრებმა ჩასაფრება მოუწყვეს არხის წამყვანს, გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა "რუსთავი 2"-ის იურისტთან, თამთა მურადაშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ. მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებას და მანქანში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც რომლებიც, მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადაიყვანა.

  

დღის ამბები