ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან, მკვლელობიდან 26-ე დღეს გადმოასვენეს. საოკუპაციო რეჟიმმა ცხედარი ქართულ მხარეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანდასწრებით გადასცეს.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას გადასცა რუსი ექსპერტების დასკვნაც, სადაც სიკვდილის მიზეზად გულის შეტევაა დასახელებული.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, უკვე სოფელ წილკანში მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. გამთენიისას ტატუნაშვილების სახლთან შეკრებილები იყვნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ ქართველ სამხედროს პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. წილკანში მყოფი ჟურნალისტები, რომლებმაც ცხედარი ნახეს - მასზე არსებულ დაზიანებებსა და წამების კვალზე საუბრობენ.
სახლში გადასვენებამდე ტატუნაშვილის ცხედარს მთელი ღამის განმავლობაში სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდა.
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე ისაუბრეს ახალგორის გამგებელმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
ისინი ფიქრობენ, რომ სიკვდილამდე ტატუნაშვილი ოკუპანტებმა სასტიკად აწამეს.
იყო თუ არა ძალადობის კვალი ცხედარზე - ამ კითხვაზე პასუხს მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც მთელი ღამის განმვლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თავს არიდებენ, მიზეზად ისინი მიმდინარე გამოძიებას ასახელებენ.
ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა 2 კვირაში განხდება ცნობილი. ექსპერტიზას ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 22 თებერვალს გაიტაცეს, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმმა 23 თებერვალს გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზეზით აჭიანურებდა.