საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რუსულ აგრესიასა და ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა.
"ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს იმ 280 000 იძულებით გადაადგილებული პირის პრობლემების მოგვარება უხდება, ვინც საქართველოს ტერიტორიის ნაწილიდან -აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნეს. მათ შორის არიან ქართველები და საქართველოს სხვა ეროვნების მოქალაქეები. საქართველოს მთავრობა ამ ტერიტორიებს 90-იანი წლების დასწყისში აკონტროლებდა. ამ ტერიტორიების უკანონოდ ძალისმიერი გზით ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილთა რიცხვი გაიზარდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. ამჟამად, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, დაამყარა საოკუპაციო რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ამ საოკუპაციო რეჟიმების გავლით უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მათ შორის ხდება მშვიდობიანი ადამიანების გატაცება და წამება. სულ ახლახანს არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს ცხინვალის ციხეში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟენევაში ქართული დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყო. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.