17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
რონალდოს აღზრდილი სპორტინგში ჩაირიცხა

 ლისაბონის „სპორტინგმა“ 17 წლის მარტუნისი წარადგინა, რომელიც ამიერიდან კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში ისწავლის და ითამაშებს.

კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, მას მომავალში დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა მონაცემი აქვს.

„ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი ბედნიერებაა. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ავიხდინო ჩემი ოცნება“, - განაცხადა წარდგენისას ახალგაზრდა ფეხბურთელმა.მარტუნისის საფეხბურთო ტალანტზე ბევრად საინტერესო, მის მიერ პორტუგალიის დედაქალაქამდე განვლილი გზა არის.მარტუნისი 2004 წელს ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის მსხვერპლია. მაშინ სტიქიის შედეგად 230 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მარტუნისის დედა და ორი და.

7 წლის მარტუნისი ინდონეზიის ჩემპიონატის მორიგი მატჩიდან ბრუნდებოდა, როდესაც გამანადგურებელი ტალღა მის მშობლიური რეგიონს დაატყდა. ბავშვი ზღვაში აღმოჩნდა. თუმცა, შეძლო და დივანს მოეჭიდა. მოგვიანებით კი დინებამ ისევ ნაპირზე გამორიყა. სამი კვირის განმავლობაში ის თავის გატანას გვამების გარემოცვაში ცდილობდა. იკვებებოდა ნარჩენებით, წყალს კი გუბეებიდან სვავდა. მარტუნისი მხოლოდ 21 დღის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს. მას ეცვა მაისური, რომელსაც მუდამ ატარებდა საფეხბურთო მატჩებზე. ეს პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, რუი კოშტას 10 ნომრიანი მაისური იყო.

„არ მეშინოდა. უბრალოდ გადარჩენა და ჩემი ოჯახის ნახვა მინდოდა. კიდევ მინდოდა პროფესინალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი“, - თქვა მაშინ 7 წლის მარტუნისმა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია სტიქიის მსხვერპლს 40 ათასი ევროთი დაეხმარა. ის მიიწვიეს ლისაბონში, სადაც პორტუგალიის ნაკრებს და ლეგენდარულ ეუსებიოს შეხვდა.

2013 წელს მარტუნისი თავის კიდევ ერთ კუმირს შეხვდა, რომელიც იმ დროისთვის ბავშვზე უკვე რამდენიმე წელი ზრუნავდა. ქველმოქმედი კრიშტიანო რონალდო იყო. შეხვედრის შემდეგ, სუპერვარსკვლავმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ბევრი მის ადგილას გადარჩენას ვერ შეძლებდა. ასეთ რამეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ის სრულიად განსაკუთრებული ახალგაზრდაა“.

კრიშტიანო რონალდოს ფინანსური დახმარების წყალობით, გარემონტდა მარტუნისის სახლი. რონალდომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მას ჰქონოდა განათლების მიღების შესაძლებლობა.

სტიქიური უბედურებიდან 11 წლის შემდეგ, მარტუნის ჩაირიცხა იმ კლუბში, რომელშიც მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო ფეხბრურთელი თავის პროფესიულ კარიერას იწყებდა.

 

დღის ამბები