UEFA-ს სუპერთასის ბილეთები ურიგოდ ათობით ადამიანმა შეიძინა. სკანდალური კადრები "რუსთავი 2"-მა მოიპოვა.
სქემა მარტივი იყო, ვაკის პარკიდან წამოსულ 50 ადამიანს ის პირები უერთდებოდნენ, რომლებიც იქვე გაჩერებული ყვითელი ავტობუსიდან ჩადიოდნენ. ეს პირები ავტობუსებში მძღოლის კარიდან შედიოდნენ და მგზავრების ჩამოსავლელიდან ჩამოდიოდნენ.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო და შსს გენერალურმა ინსპექციამ, სალაროებთან დამონტაჟებული კამერების ვიდეომასალა ფედერაციიდან გამოითხოვა.
"მე ვნახე ეს ფირი. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. ჩვენ დავიწყეთ ეს გამოძიება. გენინსპექციაც დაინტერესდა. სალაროსთან გვქონდა 32 კამერა. შს სამინისტრომ ბევრი გააკეთა რათა ექსცესების გარეშე გაყიდულიყო ბილეთები. ახლა ვარკვევთ ვინ ჩაიდინა ეს. ცუდი ის არის, რომ როდესაც ხალხი მოდიოდა და ემატებოდათ ადამიანები რატომ არ ამოიღეს ხმა?"- აცხადებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ფეხბურთის ფედერაციიდან არ გამოუთხოვიათ.