17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
თბილისში ოლიმპიადას 400-მდე მედიასაშუალება აშუქებს

თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადის გასაშუქებლად სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ უკვე დაათვალიერეს ოლიმპიადისთვის მომზადებული ყველა ობიექტი. 

მედიასაშუალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოლიმპიურ სოფელში და ადგილზე გაეცნენ არსებულ პირობებს. 

"საქართველოში გუშინ ჩამოვფრინდით და მთელი დღე თბილისის დათვალიერებას დავუთმეთ. ძალიან მოგვეწონა აქაური სტუმართმოყვარეობა. ვიცოდით, რომ ქართველები ლიტველების მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლიტვის ერთერთ წამყვან გაზეთსა და საინფორმაციო პორტალს წარმოვადგენ. ჩვენი ქეყნიდან ოლიმპიურ ფესტივალზე 45 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. სპორტსმენები 6 სპორტულ სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე მედლის მოპოვების იმედიც გვაქვს,"- აცხადებს ლიტველი ჟურნალისტი იენა ტავიჩუსი.

კურიერის გადამღები ჯგუფი აზერბაიჯანელ ჟურნალისტსაც გაესაუბრა. 

"დღეს ჟურნალისტებს რამდენიმე სპორტული არენა დაგვათვალიერებინეს. ახლა ოლიმპიურ სოფელში ვიმყოფებით. ვფიქრობ, რომ საქართველო კარგად მომზადებული ხვდება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. სპორტსმენებიც და სტუმრებეიც კმაყოფილები დარჩებიან,"- აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, გაზეთი ”ოლიმპიური სამყაროს” მთავარი რედაქტორი მურად ფარზალიევი

დღის ამბები