იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის „ლაციო“ უახლოეს დღეებში „ლივერპულს“ მარიო ბალოტელის შეძენის თაობაზე ოფიციალურად მიმართავს.
გუნდის გამოცვლა თავად ფეხბურთელის სურვილიცაა, რომლისთვისაც გასული სეზონი კარიერაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა.
თუმცა, ყველაზე დაინტერესებული ბალოტელის სხვა გუნდში გადასვლით უშუალოდ ინგლისური კლუბია. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას იმდენად უნდა იტალიელის გაყიდვა, რომ ტრანსფერის შემთხვევაში მზადაა ფეხბურთელის ხელფასის 70 პროცენტი თავად კლუბმა დაფაროს.
„ლაციოში“ გადასვლის შემთხვევაში, 2010 წლიდან მოყოლებული ბალოტელისთვის ეს უკვე მეხუთე გუნდი იქნება.