დოპინგ-სკანდალი ქართულ ჭიდაობაში. აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში 6 ქართველი სპორტსმენია მხილებული.
კურიერმა ერთ-ერთი მოჭიდავის წერილი მოიპოვა, სადაც ის აღიარებს პრეპარატების მიღებას. ჭიდაობის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით მოჭიდავეს 1 წლიანი დისკვალიფიცაცია მიესაჯა, რადგან ის წარსულშიც იყო შემჩნეული აკრძალული ნივთიერების მიღებაში.
საქართველოს ანტისადოპინგო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, მათ უკვე მიიღეს წინასწარი მონაცემები.
"ჩამოვიდა 28 პასუხი, 4 შედეგს კიდევ ველოდებით. სამწუხაროდ, 6 სპორტსმენის სისხლში აკრძალული ნივთიერებებია აღმოჩენილი. მათ უფლება აქვთ გაასაჩოვრონ, ამიტომ ინფორმაცია კონფიდენციალურია. საკმაოდ ბევრი პროცედურაა ჩასატარებელი იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნა მივიღოთ," - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა, პალიკო კასრაძემ.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველის, მალხაზ ჯორბენაძის, თქმით ეროვნულ გუნდს დისკვალიფიკაციის საფრთხე არ ემუქრება. მან აღნიშნა, რომ ბრალდებული სპორტსმენები ნაკრების წევრები არიან, მაგრამ მათ შორის ლიცენზიატი მოჭიდავეები არ არიან.
ავტორი: დავით ერაძე