საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მოთამაშე ალექსანდრე მეტრეველი ნაკრებში ასპარეზობაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. მეტრეველი ნაკრებში თამაშზე უარს საპრემიო სისტემის გამო ამბობს. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დაფინანსება, რომელიც ფედერაციამ ნაკრების წევრებს გამოუყო არასაკმარისია და ჩოგბურთელებს ტურნირებისთვის მომზადებაში ხელს ვერ შეუწყობს.
ნაკრების დანარჩენი წევრები თანაგუნდელის მოსაზრებას არ იზიარებენ და მარტში დანიის წინაარმდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ითამაშებენ.
ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, რომელიც ამავდროულად ჩოგბურთელის ბიძაა, ნაკრებს დევისის თასისთვის მოსამზადებლად 150 ათასი ლარი გამოეყო, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
4-6 მარტს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე თბილისში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება.