კლუბ “ბასიანის“ ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ბოლო პერიოდში გავრცელებულ იმ ინფორმაციებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შემთხვევები, სწორედ კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.
კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცილისმწამებლური ინფორმაცია კლუბის დისკრედიტაციას ემსახურება. მათივე თქმით, კლუბის დაარსებიდან დღემდე, კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე.
კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენლები დღეს პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავენ.
„საეჭვო ძალების მხრიდან ჩვენი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და დემონიზირების პროცესი მიმდინარეობს. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. “ბასიანის“ მიმართ კი დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ბასიანი“-ს დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ასევე რომ ტრაგიკული გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა,“-ნათქვამია განცხადებაში.