17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ესწრება აქციებს, გამოსულია იმის გამო, რომ სამშობლოს ართმევენ" - ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიცია მორიგი აქციისთვის ემზადება. შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირია. ბარიერგადალახული პარტიები და აქტივისტები მხარდამჭერებს პარლამენტის წინ, 19:00 საათზე ელოდებიან, მანამდე კი დაგეგმილია მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციიდან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებს თავად ანაზღაურებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, აქციაზე დასწრების სანაცვლოდ, მოქალაქეებს თანხაც გადაუხადეს.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქციაზე ის ადამიანები დადიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი მათ მომავალსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას აჩერებს.

ფავლენიშვილის თქმით, იმის თქმა, თითქოს, დემონსტრანტები აქციაზე ფულის სანაცვლოდ მიდიან, ამ ადამიანების შეურაცხყოფაა.

"იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ესწრება აქციებს, არის გამოსული იმის გამო, რომ მათ სამშობლოს ართმევენ, მათ მომავალს უსპობენ, ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებენ. ეს ამ ადამიანების უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა მმართველი გუნდის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები