გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაზარალებული ტურისტები ვერ აკონკრეტებენ რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. მიკროავტობუსი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, ზუსტად იმ მონაკვეთში ამოტრიალდა, სადაც რამდნიმე კვირის წინ ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეების ავტობუსი.
ამჯერად შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დაშავებულია 25 მგზავრი.
"კარგად ვერ დავინახეთ, რა მოხდა. ჩვენ ორივე სულ ბოლოში, უკანა სავარძელზე ვისხედით. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ, რა ხდებოდა, როდესაც მანქანამ გადაბრუნება დაიწყო. ვცადეთ, რომ რამეს მოვჭიდებოდით. ისიც ვიფიქრე, რომ მოსახვევში შემხვედრი მანქანა იყო,”-განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა, ლეონიდ ნავოიშიკიმ.
დაშავებული მგზავრები ამბობენ, რომ მძღოლმა ავტომანქანის მოცურების შემდეგ მისი გაჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ მიკროავტობუსი ხევში არ გადავარდა.
"ის, რომ არ გადავვარდით, ეს ნამდვილად მძღოლის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში ვერ გადავრჩებოდით. წინ კი გზაზე რა ხდებოდა, ეს ნამდვილად არ ვიცით,”-განაცხადა ნიკოლაი კოვალიოვმა.