სკანდალი სომხეთში-ქვეყნის ეროვნული გმირი, მოულოდნელად, "ტუშონკების" და "სგუშონკების" ქურდი აღმოჩნდა. ყარაბაღის ომის გმირის, გენერალ მალნველ გრიგორიანის კუთვნილი 6 საცხოვრებელი სახლი სრულიად სხვა მიზნით გაჩხრიკეს და სრულიად სხვა რამეს მიაგნეს.
ეზოში სამართალდამცველებს ვეფხვი, დათვები, სირაქლემები, ჯიშიანი ძაღლები, ფარშევანგები, შვლები და სხვა ცხოველები დახვდნენ. უზარმაზარ ავტოფარეხში - ათეულობით ძვირადღირებული თანამედროვე და ძველი მანქანა. საცავებში - იარაღის მთელი არსენალი. გენერლის სახლები სავსე აღმოჩნდა ჯარისკაცებზე გათვლილი საკვებით, უთვალავი კონსერვებით, ტუალეტის ქაღალდით, ასანთით, სიგარეტით, წამლებით, რუსული მაკარონით და ა.შ. ნაპოვნი ნივთების უდიდეს ნაწილს აქვს საგანგებო კომუფლირებული მარკირება და მითითებულია, რომ განკუთვნილია ჯარისთვის და არავითარ შემთხვევაში გასაყიდად.
გაირკვა, რომ იმას, რაც სამხედროებს ეკუთვნოდათ, ეროვნული გმირი იპარავდა.
აღმოჩნდა ისიც, რომ ბავშვების მიერ ჯარისკაცებისთვის შეგროვებულ საქველმოქმედო საჭმელს, გენერალი მალნველ გრიგორიანი თავის ცხოველებს აჭმევდა.