6-თვიანი მოლაპარაკებების და ურთიერთპრეტენზიების შემდეგ, თბილისის მერია და „სითი ინსტიტუტი“ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო რედაქციაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი, რომელმაც დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები უნდა დაარეგულიროს, დღეს უკვე საკრებულოშია და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ.
თბილისის გენგეგმის განხილვამდე უკვე კეთდება შეფასებები. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, დოკუმენტის მიხედვით შერჩეულია 11 ლოკაცია, სადაც უნდა მოხდეს დამატებით ჩარჩო გეგმის დამუშავება, მათშორის საუბარია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე.
„ელიავას ტერიტორია და არამარტო ელიავას ბაზრობის ტერიტორია, მისი მიმდებარე ტერიტორია არის ის ლოკაცია, სადაც აუცილებლად იქნება დამუშავებული ჩარჩო გეგმა. ყველა ვთანხმდებით მათშორის კერძო მესაკუთრეებიც, რომ ამ ფორმით რა ფორმითაც არის დღეს ეს არის მიუღებელი,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით შენარჩუნების წინააღმდეგია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა,“ თუმცა ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს კერძო მესაკუთრეების დაზარალება და მათ უნდა შესთავაზონ ალტერნატიული ფართი.
„რაც შეეხება ელიავას ბაზრობას რა თქმა უნდა კარგია აქაც რომ იყოს რეკრეაციული სივრცე, მაგრამ რეკრეაციული და მწვანე სივრცეების შექმნა არ უნდა მოხდეს ადამიანების უმუშევრად დარჩენის ხარჯზე. თუ მაინც გადაწყდა, რომ აქ უნდა მოეწყოს გამწვანებული ტერიტორია მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უმუშევრებს მრავალ ათასიან არმიას კიდევ ათასობით ადამიანი არ შეემატოს, რომლებიც დაკარგავენ იქ სამუშაოს. ამიტომ უნდა შესთავაზონ ადეკვატური, სამართლიანი ტერიტორია,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ელიავას ბაზრობის გადატანას მხარს უჭერს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტიც. მისი თქმით ელიავას ბაზრობა არის ჰაერის დაბინძურების წყარო.
„ამ ფორმით რა ფორმითაც არის ახლა ელიავას ბაზრობა, ეს არის დაბინძურების წყარო და უნდა მოხდეს ხელშეწყობა, რომ გარემოს დაბინძურება არ ხდებოდეს და შესაბამისად დაინტერესებული პირები უნდა იყვნენ ისე მორგებული რომ არ დაზარალდნენ ან იქ დასაქმებული პირები, არც მესაკუთრეები,“-განაცხადა დავით ჟღენტმა.