17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სოფელი ჭუბერი გარესამყაროს მოწყვეტილია - სტიქიის ზონაში გიორგი მღებრიშვილი ჩავა 

ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლა მდინარე ნენსკრას ადიდებამ გამოიწვია, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დატბორილია, ხიდები დაზიანებულია, რის გამოც სოფელი ჭუბერი, ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს.

„უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი მოინახულებს.

დღის ამბები