საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ზვიად კუპრავა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. ამ მოთხოვნით დღეს მან თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში განცხადება შეიტანა.
კუპრავას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია.
„არ მივსულვართ იმ ეტაპამდე, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავსულიყავით. მე ვისარგებლე ჩემი უფლებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს განვუცხადე, რომ მე ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოზე. შესაბამისად, შედგა აღნიშნული ოქმი და უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, შედგება ჩემი დაკითხვა უკვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით და მე მინდა, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახოს ის ცირკი, ის კლოუნადა და ის აბსურდის თეატრი, რა აბსურდის თეატრსაც მე მედავებიან,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. საუბარია 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე.