დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. დიპლომატიურ უწყებაში მიწვეული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
სტუმრებს მიმართა შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს ვზეიმობთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს და ამავდროულად, ვზეიმობთ საქართველოსთან პარტნიორობას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს თანამშრომლობა, რადგან ეფუძნება თავისუფლების და დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს. ეს თანამშრომლობა ჩვენ უფრო გვაძლიერებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მოუთმენლად ველით მოახლოებულ სამიტს, რომელიც იქნება კარგი შესაძლებლობა საქართველოს მიერ მიღწეული ყველა პროგრესის აღიარებისთვის,“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ.
ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენთვის, ისევე, როგორც ამერიკელებისთვის მთავარი ღირებულება არის თავისუფლება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს ყოველთვის უჭერდა.
„90-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, ვინც აღიარა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობა და პირველი დღიდან აშშ მტკიცედ დგას ჩვენ გვერდით თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესში,“ - განაცხადა პრემიერმა.