22 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ხორკალის მთაზე მეწყერის ნაწილი ჩამოდის - სვანეთში კვლავ რთული ვითარებაა 

სვანეთში ისევ უამინდობაა - რაც იქ არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ხორკალის მთაზე მეწყერის ნაწილი ისევ ჩამოდის, მდინარეს მოაქვს მოგლეჯილი ხეები, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარის დაგუბებას ამ ეტაპზე გამორიცხავენ.

მთელი ღამის განმავლობაში ჭუბერში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.

საფრთხის ქვეშ რამდენიმე სახლი რჩება, რომლებიც მდინარესთან ახლოს, სტიქიის ზონაში დგას და მათ დატბორვა ემუქრება. მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები კი ტერიტორიიდან გაყვანილები არიან.

ჭუბერში შექმნილია საგანგებო შტაბი. პირველი სხდომა უკვე ჩატარდა. შტაბის წევრები გეგმაზე მუშაობენ, რათა მოხდეს სტიქიის შედეგად რთული ვითარების თავიდან აცილება. 

ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სტიქიური პროცესები სვანეთში უხვი ნალექის შედეგად განვითარდა. მისი თქმით, ეს იყო მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილი პროცესები, რომელმაც უხვი ნალექი და მდინარის ადიდება გამოიწვია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ რაც გეოლოგები ადგილზე სიტუაციას შეაფასებენ, გაკეთდება დასკვნა.

ჭუბერში იმყოფებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიც. 

მათი ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დიდია. 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. 

ამავე თემაზე
დღის ამბები