17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"გაკეთდა ალტერნატიული გზა და დღეს დილას ალტერნატიული გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც წაიღო"- სოზარ სუბარი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე 

ჭუბერში ვითარება დღის ბოლოს შედარებით დასტაბილურდა. მდინარე ნენსკრას დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე დაიწია. სპეციალისტების აზრით, სტიქიის პიკი უკვე გადავლილია და მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე იმყოფება დევნილთა მინისტრი. სოზარ სუბარის განცხადებით, სოფელში რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, გაფართოვდა სამანქანო  გზა და მდინარეში მდინარეში ჩაიყარა საკმარისი რაოდენობის ლოდები იმისთვის, რომ მდინარეს მიმართულება შეეცვალა.

„გზა რომელსაც ახლა უყურებთ, მდინარემ რამდენიმე დღის წინ წაიღო, თუმცა გაკეთდა ალტერნატიული გზა და უკვე დღეს დილას ალტერნატიული გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც წაიღო, პრაქტიკულად მანქანით გადასვლა იყო ძალიან სახიფათო, რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად გაკეთდა ის, რომ, პირველი - გზა გაფართოვდა და მეორე მდინარეში ჩაიყარა საკმარისი ლოდები, იმისთვის, რომ ოდნავ შეეცვალა მდინარეს მიმართულება და ისეთი ძლიერი დაწოლა აღარ არის ამ ხევზე, დანარჩენს მოვახერხებთ ერთი-ორი დღის განმავლობაში, რომ მდინარის ნაკადი დავუბრუნოთ ძველ ადგილს, რომ ეს საფრთხე აქ აღარ იყოს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოფელ ჭუბერში კვლავ რჩება მძიმე ტექნიკა, რომელიც ალტერნატიული გზების გაფართოებას ახდენენ, იმისთვის, რათა გარე სამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებისკენ გზა გაიყვანონ. სპეციალისტები და საგანგებო შტაბის წევრები ზარალის დათვლას და ტერიტორიის აღდგენას იწყებენ.

დღის ამბები