17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
თადუმაძე და გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. კონკურსში ამ დროისთვის მხოლოდ 2 კანდიდატი შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი რჩება. მესამე კანდიდატმა შალვა შავგულიძემ პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა.

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რომლის შემდეგ უკვე კენჭისყრა დაიწყება.

"წარვდექი საბჭოს წინაშე წარვუდგინე ჩემი ხედვა, რა ღონისძიებებს გავატარებ მას შემდეგ, თუ გავხდები მთავარი პროკურორი. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს ის არ მონაწილეობდა აღნიშნულ შესარჩევ კონკურსში, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადაწყვეტილება იყო მას ჩემთვის კითხვები არ დაესვა, მას ჩემთვის კითხვები არ დაუსვამს. სხვა ყველა წევრმა კითხვები დამისვა, მე მათ ამომწურავი პასუხი გავეცი. იმედი მაქვს საბჭოს მხარდაჭერის,“-აცხადებს თადუმაძე.

მეორე კანდიდატი ნინო გოგნიაშვილი კი აცხადებს, რომ მან საკუთარი გეგმები წარუდგინა საბჭოს წევრებს. ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება დაიგეგმოს სწავლების თვალსაზრისით, როგორც სასამართლო პროცესის, ასევე  გამოძიების პროცესის მიმართულებით. 

როგორც ცნობილია, საპროკურორო საბჭოს სხდომა საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარმოდგენილმა შემფასებელმა ოთარ კახიძემაც დატოვა. მან პროტესტის მიზეზად გაუმჭვირვალე შესარჩევი პროცესი დაასახელა. იუსტიციის მინისტრმა კი უარი განაცხადა კანდიდატების შესაფასებაზე. წულუკიანის თქმით, ის მხოლოდ პროცესს დაესწრება და მასში სხვა სახის მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან შემდგომ გარკვეული კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.  

დღის ამბები