საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე წარადგინა. საპროკურორო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მომხრე საბჭოს 12 წევრი იყო, წინააღმდეგი კი არც ერთი არ წასულა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია თეა წულუკიანს. იუსტიციის მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ რჩეული კანდიდატის შვილის ნათლიაა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და ირწმუნება, რომ საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება კანდიდატის პროფესიონალიზმისა და საინტერესო ხედვების გამო მიიღო.
რა კითხები დაუსვეს კანდიდატებს და რა პასუხები მიიღო საბჭომ, შეხვედრის სრული აუდიო ვერსია მალე გამოქვეყნდება. "ევროპული საქართველოს" წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბჭოს წევრმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ და შავგულიძემ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა, რომ კანდიდატი ლაივ რეჟიმში აერჩიათ.
ოთარ კახიძეც მისი პარტიის რჩეული კანდიდატის მსგავსად თვლის, რომ პროცესის საჯაროობაზე უარი, პირდაპირი პასუხია, რომ ის პოლიტიკურად მართულია.
კენჭისყრის დადგენილებას თუ მთავრობა ერთსულოვნად მოიწონებს, ის დასამტკიცებლად პარლამენტში გაიგზავნება და დეპუტატების გადაწყვეტილების შემდეგ, შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის პოსტს 6 წლით დაიკავებს.