17 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ავარიულად დაშვებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი - დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

რა გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან მოხდა. ვერტმფრენი სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან” ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფში, გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია, შემთხვევას გენერალური ინსპექციაც შეისწავლის.

რაც შეეხება დაშავებულებს, თელავის საავდმყოფო ინფორმაციას მხოლოდ ორ დაშავებულზე ავრცელებს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით დაშავებულია ბორტზე მყოფი ხუთივე პირი და მათი დაზიანებები მძიმეა. 

„შემოყვანილია ორი მოქალაქე, ერთს აღენიშნება მუცლის ტრავმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი აყვანილია საოპერაციო განყოფილებაში და მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, დაფიქსირდა გულ-მკერდის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი გადაყვანილი იქნება ინტენსიურ განყოფილებაში,“-აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი.

დღის ამბები