კახეთში, ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული ეკიპაჟის წევრებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანებები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა.
„ჩატარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო ღვიძლის მეშვიდე და მერვე სეგმენტი. მრავლობითი დაზიანება, შესაბამისად მოხდა ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გამოყვანილია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და შესაბამისად ოპერაციის შემდგომი მკურნალობა მიმდინარეობს,“-განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა.
ამავე კლინიკაში მოთავსებულია კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
სამი დაშავებული თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მათგან ერთ პაციენტს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენი ორი კი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შემთხვევა დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან მოხდა. ვერტმფრენი სასაზღვრო პოსტ ანდარა ზართან ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფში, გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
პაციენტები მოინახულა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა. თემურ კეკელია ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზად შესაძლო დივერსიას გამორიცხავს. ის ასევე ამბობს, რომ ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო.