17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
შავ ოთახში ეძებენ შავ კატას და ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს - პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა დასრულდა

დაახლოებით 2 საათიანი დაკითხვის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასმართლო დატოვა. მსოფლიო ბანი, გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ, ფონდ „იავნანას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოძიება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მის სახელსა და ღირსებას დარტყმა მიაყენონ.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ საქმით საერთაშორისო ექსპერტები და იურისტები დაინტერესდებიან. 

„ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შავ ოთახში ეძებენ შავ კატას და ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ არსებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს და ძალიან სამწუხაროა. წინათ თუ ვთხოვდი, რაც შეიძლება ჩქარა მორჩენილიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე ჩვენს პროკურორს და გამომძიებელს, უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე და გააკეთეთ ნელა, იმიტომ რომ რაც შეგეძლოთ თქვენ უკვე ავნეთ ფონდს, ავნეთ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ, მავნეთ მე, ასე რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ გინდ შეწყვიტონ, გინდ გააგრძელონ. მე თუ ამას მიშვებიან, მთელს საქართველოს უკვე პატრონი აღარ ყავს, იმიტომ რომ არავინ აღარ არის დაცული საქართველოში. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებ დასკვნას,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანთან კითხვები შეეხებოდა პაატა ბურჭულაძის შემოსავლებს 2004-16 წლებში. ფონდ „იავნანას“ ყოფილი ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით, გამოძიებას ყველა დოკუმენტი წარუდგინა.

„იქ სრულიად ნათელია, რომ მას ჰქონდა საკმარისზე მეტი შემოსავლები იმისათვის, რომ ჰქონოდა სათანადო თანხა მის პირად ანგარიშზე და ამ თანხებს არავითარი კავშირი არ გააჩნია ფონდ იავნანასთან,“ - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი კი ამბობს, გამოძიება 2004 წლიდან 2016 წლამდე ფონდის საქმიანობას სწავლობენ და არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს ეძებენ. პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს.

ფონდ „იავნანას“ ყოფილი ხელმძღვანელი, უკვე მეორედ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკითხეს.

 

დღის ამბები