ამ წუთებში მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან, ხადას ხეობაში მოკლულთა მეგობრები და თანასოფლელები იკრიბებიან.
მათ ადგილზე ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ადგილზე იმყოფებიან ლორა და რაიან სმიტების საქართველოში მცხოვრები უცხოელი მეგობრებიც. სმიტების ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ეს იყო წყვილი, რომელიც ადგილობრივებთან ერთად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობდა და მათ საქართველო ძალიან უყვარდათ.
„არაჩვეულებრივი წყვილი, არაჩვეულებრივი ოჯახი. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს მუშაობა, ეს საქმე, რომ ჰქონდათ მარნეულში და აქაურ მოსახლეობასთან ერთად, აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად, იყო ძალიან განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პროექტი,“-განაცხადა დაღუპულების ახლობელმა.
მოკლული სმიტების ახლობლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიებასთან კითხვები არ აქვთ. ისინი მომხდარის დროული და ობიექტური გამოძიების იმედს გამოთქვამენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.