ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ დღეს გარდაცვლილი ოჯახის მეზობლები დაკითხა.
მარნეულის პოლიციაში სმიტების ის ახლობლები დაიბარეს, ვისაც გარდაცვლილებთან საქმიანი და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის შვილთან ერთად, მარნეულში ცხოვრობდნენ და ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებული, რომელსაც მათთვის ადგილობრივები ამზადებდნენ.
მეზობელმა ზაბით აჰმედოვმა განაცხადა, რომ დაკითხვა, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა.
„გვეკითხებოდნენ, რამდენი ხანია, ვიცნობდით მათ, როგორი ხალხი იყვნენ და როდის ვნახეთ ბოლოს. მეზობლების ნაწილი კი ადგილობრივმა პოლიციამ მარნეულის განყოფილებაში გადაიყვანა და იქ დაკითხა. აგერ, ჩემი ძმაც იყო წასული იქ და იგივე კითხვები მათაც დაუსვეს. გუშინ მხოლოდ მეზობლებთან ჰქონდათ კავშირი და პოლიციელებს სახლის კარი არ გაუხსნიათ. საინტერესოა, მომხდარი ფაქტის შემდეგ არავინ მოსულა და არ შესულა სახლში,“ - განაცხადა სმიტების მეზობელმა, ზაბით აჰმედოვმა.
მეზობელი ნადია არაქელიანი აცხადებს, რომ სმიტები კარგი ადამიანები იყვნენ.
„მათზე ცუდს ვერ ვიტყვით, რადგან კარგი ადამიანები იყვნენ. ბოლოს მაშინ ვნახეთ, როდესაც შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდა. მისი პატარა სულ ჩვენს ბავშვებთან თამაშობდა. მამამისს მოჰყავდა და ეუბნებოდა, ეს ბავშვები შენი მეგობრები არიან და მათთან ითამაშეო. შეგვეკითხნენ, როგორი ხალხი იყვნენ და ბოლოს როდის ვნახეთ, სხვა არაფერი. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩვენი დაგითხვა. არ ვიცი, სადაური პოლიციელები იყვნენ. ვნახე, რომ რაიანის სახლის კარიც არ გააღეს, მხოლოდ ჩვენთან იყვნენ. სხვა პოლიციელები 24 საათი სმიტების კართან დგანან და პატრულირებენ, რომ არავინ შევიდეს,“ - აცხადებს მეზობელი, ნადია არაქელიანი.
მეზობელმა მამედ აჰმედოვმა განაცხადა, რომ მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს რამდენიმე მეზობელთან ერთად.
„მე და ჩემი სამი მეზობელი წაგვიყვანეს გუშინ მარნეულის პოლიციის განყოფილებაში და რაიანის ოჯახის შესახებ შეგვეკითხეს, როგორი ხალხი იყო და როდის გვინახავს ბოლოს. სადღაც ნახევარი საათი იქ ვიყავით და მერე დავბრუნდით სახლში. მემგონი დუშეთის პოლიციიდან იყვნენ მოსული და მათ დაკითხეს,“ - განაცხადა მეზობელმა, მამედ აჰმედოვმა.