ალავიძე-ქუმსიშვილის სკანდალურ საქმეზე უმრავლესობის წევრები გამოძიების შედეგებს ელოდებიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუმცა თუ კი გამოძიებას აქვს კითხვები კონკრეტულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ღიაობაზე, გამჭირვალობაზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით მსხვილი ტენდერები იყო მაქსიმალურად გამჭირვალედ განხორციელებული და ამ მხრივ რა თქმა უნდა პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რატომ გაავრცელა ალავიძე-ქუმსიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურამ ახლა და არა მაშინ როდესაც ისინი უწყებაში დაიბარეს - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს გამოძიების საგანია და უწყება თავად იღებს გადაწყვეტილებას გამოძიების რა ეტაპზე რა ინფორმაციას გაავრცელებს.
„როდესაც პროკურატურაში გიბარებენ არავის არ ესიამოვნება, ეს მაგრამ ჩვენ გვქონდა, გვაქვს და გვექნება უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობის დროს ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად საუბარი არის შესაძლო კორუფციაზე ან შესაძლო დარღვევებზე, ნებისმიერ ასეთ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მმართველი გუნდის დეპუტატები ოპოზიციასაც პასუხობენ და კვირიკაშვილის გუნდის წევრების დევნას გამორიცხავენ.
„გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის შურისძიებას და რაღაც შუა საუკუნეების ეპოსების თემას, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ შემოგვაჩეჩოს ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერი არანორმალური კითხვის დასმაში არ არის. ამ ადამიანების მიმართ ეს კითხვები არის კარგი შესაძლებლობა პირველ რიგში მათთვის, რომ მითქმა- მოთქმა, თუ განცხადებები რომელიც იყო და ჩვენ გვესმოდა და ეს განცხადებები ვრცელდებოდა, ამ შეკითხვებზე იყო არაორაზროვანი, ნათელი პასუხები, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.